ადვოკატი ბენ ემერსონი - რუსეთის მხრიდან გორში „ისკანდერის“ გამოყენების უარყოფა მიუთითებს, რამდენად „სერიოზულად“ უდგებიან ისინი საკითხს
საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატი ბენ ემერსონი რუსეთის მხარის არგუმენტებს არასერიოზულს უწოდებს.
როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენისას საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა, ბენ ემერსონმა აღნიშნა, რუსეთის პასუხები მიუთითებს, თუ რამდენად „სერიოზულად“ უდგებიან ისინი ამ საქმეს.
ბერ ემერსონის გამოსვლის ერთ-ერთი ეპიზოდი 2008 წლის 12 აგვისტოს გორში, რუსეთის მხრიდან „ისკანდერის“ გამოყენებას ეხებოდა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, რუსეთი ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში „ისკანდერი“ არ გამოუყენებიათ და დანაშაული ფაბრიკაციაა.
„რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათ „ისკანდერის“ გამოყენების ან 12 აგვისტოს ამ სისტემის მითითებულ ადგილზე დისლოცირების არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. საყურადღებოა, რომ რუსეთის სამხედრო მოწმეების თქმით, ისინი არც კი უშვებენ იმას, რომ ამ თავდასხმაზე რუსეთს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრება და, რომ „ისკანდერი“ რუსულ რაკეტას იყენებდა. როდესაც მათ წარუდგინეს ნამსხვრევები, რომლებიც სტან სტორიმანსის სხეულიდან იქნა ამოღებული, მაშინ თქვეს, რომ ცხედარში ისინი განზრახ იყო მოთავსებული.
როდესაც ვუთხარით, რომ აღმოჩენილი რაკეტის ნაწილების სერიული ნომრების მიხედვით მისი რუსული წარმომავლობა დგინდებოდა, მაშინ მათ თქვეს, რომ მთელი დანაშაული ფაბრიკაცია იყო, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა, რაც ყველასთვის ნამდვილად რთული წარმოსადგენია. ეს მიუთითებს რუსეთის პასუხის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ საქმეს. ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოყენებული რაკეტა რუსული საწყობებიდან იყო“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა. მოსმენა სახელმწიფოთაშორის დავაზე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაიმართა, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს. მოსამართლეებს შორის არიან საქართველოს წარმომადგენელი – ლადო ჭანტურია, რუსეთს დიმიტრი დედოვი წარმოადგენს. ჯერ უცნობია, როდის გამოაცხადებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).