ადვოკატი - არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
ადვოკატი - არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება​როგორც ბრალდებულთა ადვოკატმა, სალომე კალაიჯიშვილმა განაცხადა, საპროცესო შეთანხმება მისი დაცვის ქვეშ მყოფ სამ პირს გაუფორმდება. როგორც ადვოკატმა განაცხადა, სამ ბრალდებულს 17-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ, ხოლო საპროცესო შეთანხმების შემდეგ სასჯელის ზომა მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.

„მ.ც. – ექვს წელსა და სამ თვეს გაატარებს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხუთი წელი ჩაეთვლება პირობით მსჯავრად და გადაიხდის ჯარიმას 20 000 ლარს. გ.ბ. – ოთხ წელს და ოთხ თვეს გაატარებს პენიტენციურ დაწესებულებაში და ხუთი წელი ჩაეთვლება პირობით მსჯავრად. ბ.ც. – ოთხ წელს და ოთხ თვეს გაატარებს პენიტენციურ დაწესებულებაში და ხუთი წელი ჩაეთვლება პირობით მსჯავრად“, – განაცხადა სალომე კალაიჯიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შემდეგ სხდომაზე შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს კიდევ ექვს ბრალდებულს.​

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 2019 წლის სექტემბერში 11 პირი, ხოლო 2019 წლის დეკემბერში კიდევ 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგები. სულ საქმეზე ბრალდებულია 24 პირი. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი რვიდან 14 წლამდეა.