ყურადღებას გავამახვილებ იმ გარემოებაზე, ხომ არ იყო პროვოცირებული ჩაწყობილი თამაშების საქმეზე აღნიშნული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება და შემდეგ შევძლებ კონკრეტული კომენტარის გაკეთებას, – ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა.
„ვერ ვიტყვი ამას, რომ ეს შეიძლება კლუბის წინააღმდეგ იყოს დაგეგმილი ან საერთოდ იყო თუ არა პროვოკაცია, თუმცა მსგავსი კატეგორიის საქმეებში, არ არის გამორიცხული პროვოცირების ნიშნები, რათა კონკრეტული პირები მიეცნენ პასუხისგებაში. ზოგადად დანაშაულის პროვოკაცია ნიშნავს დაყოლიებას დანაშაულის ჩასადენად მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ნიშნით, ანუ ვისაც იყოლიებენ, რომ ჩაიდინოს დანაშაული“, – განაცხადა ჩინჩალაძემ, რომლის დაცვის ქვეშ მყოფიც დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.
საქმის მასალები ჯერ ადვოკატებს არ გადასცემიათ, ისინი დოკუმენტების მიღებას დღის მეორე ნახევრისთვის ელოდებიან. მათი ინფორმაციით, სასამართლოში სხდომა ხვალ გაიმართება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი გუშინ დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები – ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.