ადვოკატი ადასტურებს, რომ სამართალდამცველებმა მიხეილ კალანდია დააკავეს
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა დაუდასტურა.
ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ბრალდებით მოხდა მოზარდის დაკავება.
როგორც კოტეტიშვილმა აღნიშნა, ჯერ არ უნახავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი და დეტალებზე საუბარს მხოლოდ მასთან შეხვედრის შემდეგ შეძლებს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, 12:00 საათზე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.
მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. საქმეზე მას ჩვენება რამდენჯერმა აქვს მიცემული, მათ შორის მეორე ინსტანციის სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს (დავით სარალიძე) განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შსს არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობის დასადგენად მუშაობას გააგრძელებს და და სასამართლოს განაჩენში გამოვლევნილ გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უმოკლეს დროში ჩატარდება.