ადვოკატი აცხადებს, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ელექტრონული ფოსტიდან 13-დან 18 ივლისამდე პერიოდის ინფორმაციები წაშლილია
ადვოკატი აცხადებს, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ელექტრონული ფოსტიდან 13-დან 18 ივლისამდე პერიოდის ინფორმაციები წაშლილია

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შსს-ს შენობა დატოვეს.

როგორც უწყების დატოვების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხდა გარდაცვლილის ელექტრონული ფოსტის, „ჯიმეილის“ გახსნა და აღმოჩნდა, რომ გარკვეული რიცხვების მონაცემები წაშლილია.

„თამუნას „ჯიმეილი“ გაიხსნა, მოხდა შესვლა, გარკვეულ ინფორმაციას გავეცანით და საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახის ინფორმაცია მივიღეთ. ამავდროულად თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან საეჭვო შემხებლობის ნიშნებიც ვნახეთ, იმის გათვალისწინებით, რომ შეღწევადი იყო, რადგან გარკვეული რიცხვების ინფორმაციები წაშლილი დაგვხვდა. ამაზე ვიწყებთ სერიოზულ მუშაობას გამოძიებასთან ერთად და არის უკვე პირდაპირ ნათქვამი, რომ წაშლილია და მოვითხოვეთ, დადგინდეს, რა მისამართით მოხდა შეღწევა და რა გზებით მოხდა ამ ინფორმაციების წაშლა. ზუსტად ის პერიოდზეა საუბარი, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება, რათა დადგინდეს, მაგ პერიოდში ვისთან ჰქონდა შეხება და კომუნიკაცია. ეს არის 13-დან 18 ივლისამდე პერიოდი. შეტყობინებები, მიწერ-მოწერა – ამ რიცხვების არაფერი არ არის.

ძალიან ბევრი ისეთი დეტალი იკვეთება, რაც გამოძიებისთვისაც და საერთოდ საქმისთვისაც არის ძალიან საინტერესო და ეს დადგინდება აბსოლუტურად ყველა ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი ისეთი მომენტებია, რომელზეც არ მინდა წინასწარ ვილაპარაკო, ხუთი საათი მიმდინარეობდა ამაზე მუშაობ, იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ ბოლოს მაინც მიღწეული იქნა ერთი პოზიცია. ჩვენ მაინც მივდივართ იმ პოზიციამდე, რომ აქ არ შეიძლება მხოლოდ ერთ პოზიციაზე მუშაობა. ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ არაფერი იკვეთება“,- განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე იგეგმება ინფორმაციის ამოღება გარდაცვლილის მობილური ტელეფონიდან.

„ამავდროულად ველოდებით მისი მობილური ტელეფონიდან ანალოგიურ და ათი იმდენი ინფორმაციის მოსვლას და პარალელურად კიდევ, ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ზღვა მასალაა, იქნება გადამოწმებული. „ეფბიაი“ საქმეში ჩაერთვება. მაგასთან დაკავშირებით ინფორმაციას კიდევ დამატებით ველოდებით. შედეგი განსაზღვრავს გამოძიებისადმი ნდობასაც და უნდობლობასაც, თუ იქნება მხოლოდ თვითმკვლელობაზე ორიენტირება, მაშინ ნდობა ვერ იარსებებს, თუ იქნება იმ ვერსიაზე, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ეს უკვე იქნება ნდობით განმსჭვალული.  არის რაღაც ნიშნები, რომლებმაც შეიძლება სულ სხვა გზა გვანახოს და სხვა შედეგამდე მიგვიყვანოს. ბევრი ინფორმაციაა კიდევ შესასწავლი, გასაანალიზებელი და აბსოლუტურად მიდის ყველა სუბიექტის, ყველა პერსონის შესწავლა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილი

შსს-ს შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა გარდაცვლილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმაც.

„რაღაცები ვნახეთ. ტელეფონთან დაკავშირებით ჯერ არაფერია, ალბათ ერთ ორ დღეში იქნება ეგეც.რაღაც ვიდეოები იყო, ვნახეთ. პატარა რაღაცებიც არის მნიშვნელოვანი, უნდა შეცვალოს რამე. არაფერი არ უთქვამთ სხვა და უნდა დავაცადოთ ცოტა ხანი და ტელეფონი რომ გაიხსნება, ვნახოთ“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.