ადვოკატების ინფორმაციით, ფარმან ჯეირანლის აზერბაიჯანში ექსტრადირება იგეგმება
ადვოკატების ინფორმაციით, ფარმან ჯეირანლის აზერბაიჯანში ექსტრადირება იგეგმება

კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი ფარმან ჯეირანლი, რომელიც სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით პატიმრობაშია, სასჯელაღსრულების დაწესებულებას 20 აგვისტოს დატოვებს. ​ამის შესახებ ფარმან ჯეირანლის ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ჯეირანლი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, იგეგმება მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია. ადვოკატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვან ეს ფაქტი.

ფარმან ჯეირანლიმ 20 აგვისტოს უნდა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, ვინაიდან სასჯელის ვადა იწურება. მას პირობით ვადამდე გათავისუფლება არ შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული გარემოებები. აზერბაიჯანის ხელისუფლებას სჭირდებოდა გარკვეული დრო იმისთვის რომ არარსებული საქმე აღეძრა მის წინააღმდეგ. გვაქვს უტყუარი ინფორმაცია და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ მას უპირებენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციას. მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეშია. ორი წელია ვამბობთ, რომ აფგან მუხთარლისა და ფარმან ჯეირანლის საქმე ერთი და იგივეა. ამას მოწმობს აფგან მუხთარლის ჩვენება, რომელშიც ის მიმართავს ევროსაბჭოს, რომ ჯეირანლი არის პოლიტპატიმარი. 2017 წლის გამოაქვეყნდა სია, რომელშიც ნახსენებია აზერბაიჯანის მტრები. სწორედ ამ სიის გამოქვეყნების შემდეგ დააკავეს ჯეირანლი და მუხთარლი. აქედან გამომდინარე, მივმართავთ ყველას, დავეხმაროთ ჯეირანლის, რათა მისი სიცოცხლე იყოს უსაფრთხოდ. ჯეირანლი არის საქართველოს მოქალაქე და მისი ექსტრადიცია დაუშვებელი“, – განაცხადა ფარმან ჯეირანლის ადვოკატმა თამარ ბოსტაშვილმა.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ინტერესია, „ხელში ჩაიგდოს“ ფარმან ჯეირანლის ქონება.

„ეს კაცი არის პროფესორი, ექიმი, რომელმაც უზარმაზარი საავადმყოფო ააშენა. ის ფიქრობს რომ ამ საქმეში დაემთხვა აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლების ინტერესები, აზერბაიჯანს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს, საქართველოს ხელისუფლებას კი სურდა მისი ქონების საავადმყოფოს ხელში ჩაგდება.

მას არაფრიდან წარუდგინეს ბრალი, თავდაპირველად თაღლითობის მუხლი იყო შემდეგ სააპელაციომ მუხლი გულგრილობით ჩაანაცვლა. 20 აგვისტოს მან უნდა დატოვოს საპატიმრო, თუმცა მას ახვედრებენ აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას. აზერბაიჯანში გაცემული გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ოპერაციის ჩატარების გამო ედავებიან. მას როგორ უნდა გაეგო აზერბაიჯანში დოკუმენტი გააყალბეს თუ არა. აზერბაიჯანული მხარე მიიჩნევს, რომ ოპოზციის დამფინანსებელია ჯეირანლი და ამის გამო მას დევნის და ითხოვს ექსტრადიციას.

ასევე დაემთხვა ისიც რომ დღესაა ჩანიშნული უზენაეს სასამართლოში პროცესი ზეპირი მოსმენის გარეშე. სამი მოსამართლე გადაწყვეტს ძალაში დატოვონ გულგრილობის ბრალი, საერთოდ გაამართლებენ ბრალდებულს თუ თაღლითობის ბრალს დააბრუნებენ“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.