ადიგენის ორი სოფლის მოსახლეობა მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს
ადიგენის ორი სოფლის მოსახლეობა მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ადიგენის რაიონის ორი სოფლის, იჯარეთისა და ზარზმის მოსახლეობა მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ადგილობრივები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრს მიმართეს.

როგორც ისინი აცხადებენ, ორივე სოფელი მაღალმთიანი ზონის სტატუსისთვის საჭირო სამი კრიტერიუმიდან ორს აკმაყოფილებს.

კერძოდ, მათი თქმით, სახეზეა მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და სახნავ-სათესების არარსებობა.

„ჩვენ ვაკმაყოფილებთ მიგრაციას. 25%-ზე ზევით კი არა, 75% გვაქვს. მეორე კრიტერიუმია მცირე და მწირე მიწები. საბალახოები არ გაგვაჩნია, პატარ-პატარა სახნავ-სათესი ყანები გვაქვს, 6-7 თვე ზამთარია. არ გვაქვს მაღაზია, მედპუნქტი, საჯარო სკოლა, სტანდარტული ტექნიკით არ იხვნება ჩვენი მიწები“, – განაცხადა სოფელ იჯარეთის მკვიდრმა ვახტანგ ჩაგინაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრებილებმა განაცხადეს, რომ მოთხოვნით მიმართეს თვითმმართველ ორგანოსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თუმცა უარი მიიღეს.