ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, კონკრეტულად კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განაახლა ტენდერი ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთთან დაკავშირებით. წელსვე დავიწყებთ დაახლოებით ოთხ კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას და ორი წლის განმავლობაში, როგორც დაგეგმილი გვქონდა, ამ გზის რეაბილიტირებას განვახორციელებთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 47 კილომეტრიანი გზისა და შვიდი ხიდის რეაბილიტაცია, ასევე დაიგება ასფალტ-ბეტონის ორ ზოლიანი გზის საფარი.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება და გოდერძის უღელტეხილის გავლით, ადიგენის სოფელ ზარზმაში დასრულდება. განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება.

„ასევე, შევინარჩუნეთ ქუვეითის ფონდის დაფინანსება. იმედია, ტენდერი წარმატებით შედგება და დავიწყებთ აჭარისთვის ისტორიული პროექტის განხორციელებას. ეს არის ახალი შესაძლებლობები, როგორც კურორტისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ახალი ტენდერი ორ ნაწილად გამოცხადდება. პროექტის დიდი ნაწილი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, ხოლო ხუთ კილომეტრიან მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს.

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია 2016 წელს დაანონსდა. გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიაც, რომელმაც ვალდებულება ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყდა.

დატოვე კომენტარი