ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მალტაში სროლისას საქართველოს მოქალაქე დაიჭრა
მალტაში, ქალაქ ბირზებუჯას გარეუბანში სროლის დროს საქართველოს მოქალაქე დაიჭრა. ინფორმაციას „მალტა თუდეი“ ავრცელებს. ასევე, ინციდენტის დროს დაიღუპა კოტ-დ’ივუარის მოქალაქე.
მედიის ცნობით, ასევე დაჭრილია განას მოქალაქე. დაჭრილებიდან ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია და მას ოპერაცია ჩაუტარდა. მამაკაცებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებათ.
ამ დროისთვის პოლიცია დამნაშავეს ეძებს, რომელიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით გადაადგილდება. სავარაუდოდ, მან ცეცხლი მოძრავი ავტომობილიდან გახსნა.
თვითმხილველების ცნობით, გზაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, ხშირად გადაადგილდებიან მიგრანტები.
პოლიციას მომხდარის შესახებ ერთ-ერთმა დაზარალებულმა აცნობა. გამოძიება გრძელდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მალტაში სროლის დროს დჭრილი პირი ნამდვილად საქართველოს მოქალაქეა.