ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციით, ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოყვანის ოპერაცია ჯერ ვერ დაიწყება
ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილ ბავშვებს სიარული შეუძლიათ, თუმცა ისინი ყვინთვას ვერ შეძლებენ. ამიტომ, მათი გამოყვანის ოპერაცია ჯერ ვერ დაიწყება, – BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ჩიანგ რაის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა.
ფეხბურთის ახალგაზრდული გუნდის 12 წევრი და მათი მწვრთნელი თითქმის ორი კვირაა, ტჰამ
ლუანგის გამოქვაბულთა კომპლექსში იმყოფება. წვიმის გამო, მღვიმე დაიტბორა და მოზარდები გასვლას ვერ ახერხებენ. სამაშველო ოპერაციას საფრთხეს უქმნის ის ფაქტი, რომ ტაილანდში წვიმის სეზონი იწყება და მღვიმეში წყლის დონე შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.
პარალელურად, მაშველები მღვიმიდან გამოსვლის ალტერნატიულ გზას ეძებენ, რისთვისაც კლდის ბურღვა 100 ადგილას აქვთ დაწყებული.
სამაშველო ოპერაციის დროს დღეს ერთი მყვინთავი დაიღუპა. მას მოზარდებისთვის ჟანგბადის ავზები გადაჰქონდა. დატბორილი გამოქვაბულიდან გასვლისას მას ჟანგბადი გაუთავდა.