ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები დღეს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან შეხვედრას გეგმავენ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან შეხვედრას გეგმავს.
ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით საუბარი მიმდინარეობს ოპოზიციათან.
მიხეილ სარჯველაძემ ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ბიურომ გადასცა 1 383 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით.
„სამედიცინო თემებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ფონზე, როდესაც გაჩნდა დამატებითი წყაროები ინფორმაციისთვის, დღეს გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის კომიტეტის ფორმატში გვქონდეს ვიზიტი შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან, ძირითადად შეფასებითი ვიზიტი. ალბათ ესეც დაგვეხმარება საიმისოდ, რომ მათ შორის ამ პეტიციასთან მიმართებაში სწორი, მწყობრი პოზიცია გვქონდეს ჩამოყალიბებული. ასევე, მიმდინარეობს საუბრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ ისინიც იყვნენ ჩართული პროცესში და ვნახოთ, ამჟამად ველოდებით მათგან თანხმობას და ამის ირგვლივ პოზიციას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.