ადამიანის უფლებათა ცენტრი - საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, არჩევნები ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს
ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნების პროცესის პირველად შეფასებას კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს. ამ დროისთვის იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, არჩევნები ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს. დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს, ამ ეტაპზე, არ შეუძლიათ, არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, „11:00 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს ხუთი საჩივარი და 10-ზე მეტი შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.
„საჩივრების ნაწილის შინაარსი: ბოლნისის # 14.23.47 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება, რის შესახებაც დაიწერა საჩივარი. წყალტუბოს #22.58.02 საარჩევნო უბანზე ყუთის ზედამხედველმა ერთ ამომრჩეველზე გასცა 2 კონვერტი და ამომრჩეველმა ცალ-ცალკე ჩადო მაჟორიტარული და პროპორციული სიის ბიულეტინები. ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოითხოვა დამრღვევის დისციპლინური პასუხისმგებლობა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირობებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი გამოწვევა არის კენჭისყრის უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ცესკოს განცხადების მიუხედავად, რომ ამომრჩეველთა უსაფრთხოება დაცული იქნებოდა, მონიტორებისგან და სოციალური ქსელიდან მიღებული ინფორმაციით, ჩანს, რომ დიდი პრობლემაა საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობა, რის გამოც შეუძლებელი ხდება რეკომენდებული დისტანციის დაცვა. რეგიონებში ბევრი უბანი მცირე ზომისაა და ამომრჩევლების შესვლამდეც კი, მხოლოდ კომისიის წევრები და სტატიკური დამკვირვებლები მთლიანად ავსებენ უბანს ისე, რომ იზრდება ვირუსის გავრცელების რისკი. დიდი პრობლემაა, საარჩევნო უბნებზე პირბადის გარეშე გადაადგილება. არის შემთხვევები, როდესაც დამკვირვებლების, კომისიის წევრების და თავჯმდომარის მოთხოვნებს ამომრჩევლები არ ემორჩილებიან და არ იკეთებენ პირბადეს, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს სამედიცინო ცნობა სასუნთქი გზების პრობლემების შესახებ. ასეთი სახის დაბალ სამოქალაქო კულტურას ავლენენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც და უბანზე მყოფი დამკვირვებლებიც. მაგალითად, პანკისის ხეობაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი პირბადეს არ იკეთებდა და ყველა ბიულეტენს თითის ნერწყვით დასველების შემდეგ გადასცემდა ამომრჩეველს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაზარლოს N40 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტს.
„კენჭისყრის შენობაში, შესასვლელთან ახლოს, მაგიდასთან ისხდნენ პირები სიებით. ერთ-ერთს ჰქონდა დამკვირვებლის სამკერდე ნიშანი და წარმოადგენდა ორგანიზაციას „ახალგაზრდული ცენტრი საქართველო“. ისინი აჩერებდნენ კენჭისყრის შენობაში შემოსულ ამომრჩევლებს და იწერდნენ მათ სახელს და გვარს. მსგავსი მოქმედებები შეიცავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზემოქმედების ნიშნებს. საარჩევნო კოდექსში 2020 წლის ივლისში შესული ცვლილებების თანახმად, კენჭისყრის შენობაში და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 მეტრ რადიუსში იკრძალება ამომრჩევლის შეფერხება (საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტი). ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის მოთხოვნით, N40 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევ პირებს მიუთითა, დაეტოვებინათ ტერიტორია, რის შემდეგაც პრობლემა აღმოიფხვრა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰქონდა ადეკვატური რეაგირება ამ ფაქტზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.