ბექა ბასილაია - სააპელაციო სასამართლომ განაგრძო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგით სვლა და ჩვენი საჩივარი დაუშვებლად ცნო
ბექა ბასილაია - სააპელაციო სასამართლომ განაგრძო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგით სვლა და ჩვენი საჩივარი დაუშვებლად ცნო

სააპელაციო სასამართლომ განაგრძო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგით სვლა და ჩვენი საჩივარი დაუშვებლად ცნო, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საჩივრის დაუშვებლად ცნობის მიზეზად კანონმდებლობა დაასახელა, თუმცა რეალური მიზეზი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნებაა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, სააპელაციო სასამართლომ განაგრძო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგით სვლა და ჩვენი საჩივარი დაუშვებლად ცნო, თითქოს კანონი არ აძლევდა საშუალებას, დაეკმაყოფილებინა ჩვენი შუამდგომლობა. ჩნდება მარტივი კითხვა: სამი დღე რატომ დასჭირდათ? ეს სამი დღე მათ დასჭირდათ, რათა „ქართულ ოცნებას“ თავისი პოლიტიკური ნება ჩამოეყალიბებინა, ელოდებოდნენ საერთაშორისო გამოხმაურებებს, ელოდებოდნენ ქვეყნის შიგნით დაძრულ პროცესებს და ამ ეტაპისთვის პოლიტიკურად მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ პატიმრობა არ შეიცვალოს. ამ გადაწყვეტილების იურიდიულ მხარეს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ისევე, როგორც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა მოსამართლე ჩახნაშვილისთვის წარდგენილ არაერთ სამართლებრივ არგუმენტს, თუ რატომ არ უნდა შეფარდებოდა ნიკა მელიას პატიმრობა.

„ქართულ ოცნებას“ კონკრეტულ საქმეში პოლიტიკური ინტერესი თუ აქვს, საქართველოში არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი ინსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს პირთა უფლებების და თავისუფლების დაცვას. ჩვენ ვცხოვრობთ ბელარუსიის მსგავს სახელმწიფოში, სადაც სასამართლო ბოლომდე ექვემდებარება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას.

ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რაც შეიძლება იყოს კანონით და კონსტიტუციით მონიჭებული“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.