ადამიანის ხანმოკლე სიცოცხლის მიზეზი შეიძლება დინოზავრები იყვნენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ძუძუმწოვრების (მათ შორის ჩვენც) და ქვეწარმავლებისა და ამფიბიების მრავალი სახეობის დაბერების სიჩქარეს შორის აშკარად დიდი სხვაობაა.
ერთი მეცნიერის აზრით, ამ სხვაობის მიზეზი უნდა იყოს დინოზავრების დომინირება მილიონობით წლის წინ, ძუძუმწოვართა ისტორიის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში.
ბრიტანეთის ბირმინგემის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი ჟუან პედრუ დე მაგალაიში ახალ პუბლიკაციას აქვეყნებს, რომელშიც თავის ახალ ჰიპოთეზას, სახელად „დღეგრძელობის ბოთლის ყელს“ აღწერს.
მისი მოსაზრება ასეთია: როდესაც დედამიწაზე დინოზავრები მბრძანებლობდნენ, მათზე ბევრად პატარა ძუძუმწოვრებს გადარჩენისათვის სწრაფად გამრავლება ესაჭიროებოდათ, რის გამოც, ხანგრძლივად სიცოცხლის გენები ევოლუციის მსვლელობასთან ერთად, შეიძლება გამქრალიყო.
„ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ძუძუმწოვრები იძულებული იყვნენ, კვების ჯაჭვის ძირისკენ ეცხოვრათ და დინოზავრების ეპოქაში დაახლოებით 100 მილიონი წელი გაატარეს ევოლუციაში, რათა ჩამოჰყალიბებოდათ სწრაფი გამრავლების გზით გადარჩენის უნარი. ჩემი ვარაუდით, ასეთ ხანგრძლივ ევოლუციურ წნეხს გავლენა ჰქონდა ადამიანთა დაბერების პროცესზე“, — ამბობს მაგალაიში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ როგორც ჩანს, ჩვენმა წინაპრებმა პლაცენტიან ძუძუმწოვართა ხაზში, დაახლოებით დინოზავრების ეპოქაში დაკარგეს გარკვეული ფერმენტები, ისინი, რომლებიც ულტრაიისფერი სინათლით გამოწვეულ დაზიანებებს აღადგენს.
საინტერესოა, რომ ულტრაიისფერით გამოწვეულ დაზიანებათა აღმდგენი სამი ფერმენტიდან, სახელად ფოტოლიაზებიდან სულ მცირე ერთი აკლიათ ჩანთოსნებსა და კვერცხისმდებელ ძუძუმწოვრებსაც (ერთგასავლიანები) კი. ძნელი სათქმელია, დაკავშირებულია თუ არა ეს მათ შედარებით ხანმოკლე სიცოცხლესთან.
ერთ-ერთი შესაძლებლობის მიხედვით, დანაკარგის მიზეზი ის არის, რომ უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის, ძუძუმწოვრები უფრო ღამით აქტიურები ხდებოდნენ; მილიონობით წლის შემდეგ, ამისათვის ჩვენ მზის კრემები შევქმენით. ეს არის მაგალითი განახლების და აღდგენის მექანიზმისა, რომელიც უნდა გვქონდეს, მაგრამ აღარ გვაქვს.
არსებობს სხვა ნიშნებიც. ავიღოთ, მაგალითად, კბილები: ზოგიერთ ქვეწარმავალს, მაგალითად ალიგატორებს, კბილები მთელი ცხოვრების მანძილზე ეზრდებათ. ადამიანებს ეს არ შეუძლიათ და სავარაუდოდ, ამის მიზეზიც ასობით ათასი წლის განმავლობაში მიმდინარე გენეტიკური სელექციაა.
„ცხოველთა სამეფოში ვხედავთ აღდგენისა და განახლების ნამდვილად გამორჩეულ მექანიზმებს. ეს გენეტიკური ინფორმაცია არასაჭირო უნდა ყოფილიყო ადრეულ ძუძუმწოვართათვის, რომლებსაც გაუმართლათ და ტირანოზავრ რექსის მუცელში არ აღმოჩნდნენ“, — ამბობს მაგალაიში.
რა თქმა უნდა, ზოგიერთი ძუძუმწოვარი სამნიშნა ციფრების ასაკს აღწევს, მათ შორის, ვეშაპები და ადამიანები. ამას ჩვენი წინაპრებისგან გადმოცემული ხანმოკლე სიცოცხლის მიერ დაწესებული შეზღუდვების პირობებში ვახერხებთ თუ როგორღაც განვვითარდით ისე, რომ ეს შეზღუდვები აღარ მოქმედებს — სამომავლო კვლევის საგანია.
დაბერების მიღამა არსებულ ფაქტორთა შესახებ უფრო მეტის დადგენა ყოველთვის გამოსადეგია ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებთან საბრძოლველად. მათ შორის, დემენციასთან და ინსულტთან.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზაა, ამ მიმართულებით ბევრი დამაინტრიგებელი შესაძლებლობაა, მათ შორის ისიც, კიბო ძუძუმწოვრებში უფრო ხშირია, ვიდრე სხვა სახეობებში და ამის მიზეზი ძირითადად დაბერების სწრაფი პროცესია“, — აღნიშნავს მაგალაიში.
კვლევა BioEssays-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია birmingham.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.