ადამ კინზინგერი - არ ვფიქრობ, რომ ამ წუთში სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ
კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხი ამ წუთში არ უნდა იყოს განხილული.
ადამ კინზინგერი იმედოვნებს, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია „უბრალოდ ჩავარდნაა“.
„არ მინდა, ვისაუბრო საბაზისო განსჯისა და დაჯილდოების, წკეპლისა და თაფლაკვერის საბაზისო საკითხებზე, როცა საქმე პოზიტიურ ინიციატივას ეხება. ჩვენ გვაქვს საქართველოს მხარდამჭერი აქტი, გვაქვს მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა. ეს ისაა, რისი გადაფასებაც მოგვიწევს, თუ ღრმა დემოკრატიულ უკუსვლას ვიხილავთ, მაგრამ იმედია, ეს უბრალოდ ჩავარდნაა და არ იქნება საჭირო აგრესიული ნაბიჯების გადადგმა ამის შესაბრუნებლად“, – ამბობს კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
კინზინგერი აღნიშნავს, რომ ავტორიტარიზმში ვარდნას თუ იხილავენ, პოზიტიური ინიციატივების უკან წაღებაზე საუბარი გახდება შესაძლებელი.
„არ ვფიქრობ, რომ ამ წუთში წკეპლის, ანუ სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ. საქართველო ჩვენი მეგობარია, იქ შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ვისაუბრებთ პოზიტიური ინიციატივების უკან წაღებაზე, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს მხარდამჭერი აქტი, ამის წინ წაწევა ძალიან გართულდება, თუ ავტორიტარიზმში ვარდნას ვიხილავთ. მე საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან ახლო თანამშრომლობა მსურს, ეს არ მოდის სიბრაზიდან, არამედ ეს მოდის იმედიდან, რომ ვიხილოთ იქ წარმატება“, – აცხადებს კონგრესმენი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.