ადა მარშანია - როგორ ვენდო კომისიას, სადაც უმრავლესობაში ნაციონალური, კრიმინალური მოძრაობის წევრები არიან
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დატოვების შემდეგ დეპუტატი ადა მარშანია გეგმავს, კომისიას მის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად, წერილობით მომართოს.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კომისიამ მას „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიებაზე უარი უთხრა და განუმარტა, რომ რეგლამენტით საკითხთა წრე ვერ გაფართოვდებოდა.
გარდა ამისა, დეპუტატის უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ კომისიის შემადგენლობაში უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მუშაობენ.
ადა მარშანიას აზრით, ეს მათი და „ქართული ოცნების“ ერთიანობაზე მიუთითებს.
„ეს ორი ძალა არის აბსოლუტურად შერწყმული. ამის სათქმელად შევედი მე იქ. არაფერი აქ არ არის დასამალი და არაფერი აქ არ არის უცნაური. როგორ უნდა ვენდო ამ კომისიას, სადაც უმრავლესობა არის ნაციონალური, კრიმინალური მოძრაობის წევრები და ეს ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა „ქართული ოცნების“ მხრიდან. მაგალითად ჩვენ უფრო მრავლად უნდა ვყოფილიყავით წარმოდგენილები. რატომ მისცეს ის ორი კვოტა „ნაციონალური მოძრაობის” იმ მეორე ფრთას. დიახ, მისცეს „ევროპულ საქართველოს“, რატომ გაკეთდა ეს. დიახ, ერთიანი შერწყმული პოლიტიკური ძალაა და ამ ძალას არ ვენდობით”, – განაცხადა ადა მარშანიამ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ფიქრობს, რომ კომისია ამ შემადგენლობით საქმეზე ისეთ დასკვნას მიიღებს, როგორიც „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“ აწყობთ.
კომისიის დატოვების შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი გეგმავს, პარლამენტს რეზოლუციის მიღების ინიციატივით მიმართოს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მისცემს, ამის შემდეგ კი მისი აზრით, აუცილებლად უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ამ პერიოდში ჩადენილ გახმაურებულ დანაშაულებებს გამოიძიებს.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის გასვლის შემდეგ, კომისიაში 16 წევრი რჩება – მათ შორის ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, „ევროპული საქართველოს“ ცხრა და „ქართული ოცნების“ ექვსი წევრი. „ნაციონალურმა მოძრაობამ” კომისიაში მონაწილეობაზე თავიდანვე თქვა უარი.