ადა მარშანია - ემზარ კვიციანს მიაჩნია, რომ უფრო რადიკალური და აგრესიული უნდა ვიყოთ ბრძოლაში, ჩვენ სხვა შეხედულება, სხვა ამოცანა გვაქვს
ემზარ კვიციანი თავდადებული მამულიშვილია, ერთ გუნდად ვიბრძოდით საქართველოსთვის, უბრალოდ, ბოლო დროს განსხვავებული პოზიციები გვაქვს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, ადა მარშანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ემზარ კვიციანს მიაჩნია, რომ ბრძოლაში მეტი რადიკალიზმია საჭირო.
„ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ემზარ კვიციანს, ძალიან მებრძოლი ადამიანი, თავდადებული მამულიშვილია. ჩვენ ერთ გუნდად ვიბრძოდით საქართველოსთვის, რაც შეგვეძლო. უბრალოდ, ბოლო დროს განსხვავებული პოზიციები გვაქვს ბრძოლის. ეს არის ჩვენ შორის განსხვავება, მეტი არაფერი. ემზარ კვიციანს მიაჩნია, რომ უფრო რადიკალური და უფრო აგრესიული უნდა ვიყოთ ჩვენს ბრძოლაში. ჩვენ სხვა შეხედულება გვაქვს, სხვა ამოცანა გვაქვს. ვაპირებთ, ჩვენი ძალიან სერიოზული, მასშტაბური გამოკითხვა გამოვაქვეყნოთ, რომელიც სრულიად საქართველოში ჩავატარეთ“, – განაცხადა და მარშანიამ.
მისი შეფასებით, ეს იქნება სერიოზული აქცია და „პატრიოტთა ალიანსის“ ყურადღება ამაზეა გადატანილი.
„ეს იქნება ძალიან სერიოზული აქცია და ამაზეა ჩვენი ყურადღება გადატანილი. შინაარსობრივად, თემატიკასთან დაკავშირებით ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ, ვაზროვნებთ და მხარს ვუჭერთ ემზარ კვიციანს თავის ბრძოლაში სამართლიანობის აღდგენისას. იცით, ჩვენი ყველა ბრძოლა და განცხადება სწორედ ამას ეძღვნება, სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ ვერა და ვერ დადგა ეს ჩვენს ქვეყანაში, ვერ დამკვიდრდა“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
ემზარ კვიციანმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს.