აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები გაიფიცნენ.
ოპერატორებს პრეტენზიები ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის მიმართ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ასრულებენ ოპერატორისა და მემონტაჟის ფუნქციას, თუმცა ანაზღაურება აქვთ ერთი პოზიციის.
მათივე ინფორმაციით, ანაზღაურება ტელევიზიაში უსამართლოდ არის განაწილებული, რაზეც პრეტენზიას ერთი წელია გამოთქვამენ.
„ამ ფორმით ვაპროტესტებთ უსამართლობას, დიდი ხანია რაც ტელევიზიაში ვმუშაობთ ორ პოზიციაზე, თუმცა ვიღებთ ერთი პოზიციის ანაზღაურებას. ამის შესახებ იანვრიდან დავაყენეთ საკითხი, თუმცა დირექტორი მხოლოდ სიტყვიერი დაპირებებით შემოიფარგლა, შემდეგ კი საერთოდ უარი გვითხრა, როცა პარალელურად სხვა რგოლებში ანაზღაურება გაიზარდა. ვიდრე არ მივაღწევთ სამართალს, მანამდე არ შევწყვეტთ გაფიცვას“, – ამბობს ოპერატორი ლაშა ჯოყილაძე.
ოპერატორები ამბობენ, რომ გაფიცვას კავშირი არ აქვს სამეთვალყურეო საბჭოს დღეს დაგეგმილ სხდომასთან, რომელზეც ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე უნდა იმსჯელონ. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენებას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი ითხოვს. ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) ბორდს შესაბამისი წერილით მიმართეს. პრეტენზია ტელევიზიის რეიტინგი, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაა. უნდობლობის გამოსაცხადებლად ბორდის ხუთი წევრიდან სამის თანხმობაა საჭირო.