აჭარის ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, რეგიონში დღეის მონაცემებით კარანტინში 1 570 პირი რჩება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საკარანტინო ზონები უკვე დატოვა 4 900-ზე მეტმა მოქალაქემ.
„მათზე მიმდინარეობს ინტენსიური მეთვალყურეობა. საკარანტინო პერიოდის ამოწურვის შემდეგ ყველას უტარდება გამოკვლევა და მხოლოდ ნეგატიური პასუხის შემდეგ ტოვებენ ისინი სივრცეებს“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, თვითიზოლაციის რეჟიმიდან გათავისუფლდა ქალაქ ქობულეთისა და მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ყველა მკვიდრი, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, გარდა „ქობულეთის კლასტერის“ ბოლო ორ შემთხვევასთან დაკავშირებული 16 კონტაქტისა. ეს პირები თვითიზოლაციაში, მედიკოსების ყურადღების ქვეშ რჩებიან.