აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქობულეთის საკარანტინო ზონებში პროდუქციის საკმარისი მარაგია და ფასები შენარჩუნებულია
ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში – გვარა, მუხაესტატე, წყავროკა და ლეღვა, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან და ქობულეთის მერთან ერთად სოფლების სასურსათო მაღაზიებში იმყოფებოდნენ და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.
„აჭარის მთავრობის სხვადასხვა უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში ახდენენ სრულ კოორდინირებას როგორც საცალო, საბითუმო – აგრეთვე იმპორტიორი კომპანიების საქმიანობის, უნდა აღვნიშნო, რომ დაჩქარებულ რეჟიმში ხდება საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საქონლის გატარება. აგრეთვე აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს საკარანტინო ზონებში და ზოგადად აჭარის მასშტაბით ფასების მონიტორინგს. ყოველღიურად ხდება ფასების მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ყველა სახის საქონელზე ფასები შენარჩუნებულია და არ გვაქვს არც ერთ სასოფლო-სამეურნეო სასურსათო და სააფთიაქო პროდუქტებზე დეფიციტური მოთხოვნა“, – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.
სოფელში არსებულ მაღაზიებში ვითარებას გაეცნო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე არეშიძეც.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქობულეთის საკარანტინო სოფლებში. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად შევამოწმეთ ყველა სასურსათო მაღაზია და მარაგების მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. ასევე, შევამოწმეთ ფასების ცვლილებები და ფასები არ არის შეცვლილი, შესაბამისად მოსახლეობას შეუძლია ნებისმიერ დროს აღნიშნულ სოფლებში არსებულ სასურსათო მაღაზიებში შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქტი“, – აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.