აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აზუსტებენ, რომ „სათნოების სავანეში“ კორონავირუსი დღეს შვიდ თანამშრომელს და 13 ბენეფიციარს დაუდასტურდა, რამდენიმე პირის კვლევა კი გრძელდება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმის „სათნოების სავანეში“ ინფიცირებულ პირთა რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აზუსტებს.
უწყებაში ამბობენ, რომ „ცხელების ცენტრებში“ „სათნოების სავანეში“ მცხოვრებ ხანდაზმულთა და თანამშრომელთა ის ნაწილიც გადაიყვანეს, რომელთა კვლევა გრძელდება. ამდენად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში გარკვეული უზუსტობები იყო.
უწყების დაზუსტებული ინფორმაციით, კორონავირუსი დღეს 13 ბენეფიციარს და შვიდ თანამშრომელს დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ათი შემთხვევა „სათნოების სავანეში“ 10 სექტემბერს ინფიცირების პირველ ფაქტს უკავშირდება. ამჟამად ბათუმის „სათნოების სავანეში“ სულ 30 პირია ინფიცირებული და რამდენიმე პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან.
შეგახსენებთ, ბათუმის „სათნოების სავანის“ დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ განაცხადა, რომ „სავანეში“ დღეს 25 ხანდაზმული და ათი თანამშრომელი დაინფიცირდა.