ბათუმის „სათნოების სავანის“ ინფიცირებული ხანდაზმულებიდან სამი გამოჯანმრთელდა
ბათუმის „სათნოების სავანის“ ინფიცირებული ხანდაზმულებიდან სამი გამოჯანმრთელდა

ბათუმის „სათნოების სავანეში“ 25 ინფიცირებული ხანდაზმულიდან სამი გამოჯანმრთელდა და ისინი მალე დაბრუნდებიან თავშესაფარში, – ამის შესახებ მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ისევ ელოდებიან ხუთი ბენეფიციარის ტესტის პასუხებს. ერთი ხანდაზმული გუშინ ქუთაისში გარდაიცვალა. ინფიცირებულია ასევე სათნოების სავანის ცხრა თანამშრომელი.

„სამწუხაროდ, ერთი ჩვენი ბენეფიციარი გუშინ ქუთაისში გარდაიცვალა, ველოდებით სამი გამოჯანმრთელებულის „სავანეში“ დაბრუნებას. სულ ინფიცირებული იყო 25 ხანდაზმული და ცხრა თანამშრომელი. თანამშრომელთა სიმცირის გამო მოხუცებს ყურადღება არ აკლიათ, ადრე ოთხ ცვლაში მუშაობდნენ, ახლა ორ ცვლაზე გადავიყვანეთ. ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ მოხალისეებს, მოვიდნენ ჩვენთან ანაზღაურებად სამუშაოზე, ისინი გაივლიან მომზადებას, ტესტირებას და ამის შემდეგ შეძლებენ აქ მუშაობას. სამწუხაროდ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოხალისეებით ჯერ ვერ დაგვეხმარა, რადგან ის „წითელი ჯვრის“ მოხალისეების გამოგზავნას დაგვპირდა და ვირუსი აჭარის ორგანიზაციაშიც დაფიქსირდა“, – განაცხადა დეკანოზმა.