აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ტრაპიზონთან ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი დღეს დატოვებს კლინიკას
გუშინ ტრაპიზონთან ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე თურქულ კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ერთი დაშავებული კი დღეს დატოვებს კლინიკას. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომელმაც გუშინ თავად მოინახულა დაშავებულები თურქეთში.
„ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს მთლიანად თურქული მხარე დაფარავს. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთის მსუბუქი და იგი დღეს დატოვებს კლინიკას, სამი მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი ხანგრძლივ მკურნალობის კურსს საჭიროებენ“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
მინისტრის განმარტებით, დაშავებული საქართველოს მოქალაქეები მცირე ბიზნესით იყვნენ დაკავებული და პირად საქმიანობასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ თურქეთში.
შემთხვევა ტრაპიზონთან გუშინ მოხდა, ექვსი მგზავრიდან ერთი, შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.