აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ქობულეთში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 203 პირი გამოიკვეთა, საიდანაც ამ ეტაპზე კორონავირუსი 20 მათგანს დაუდასტურდა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ქობულეთში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 203 პირი გამოიკვეთა, საიდანაც ამ ეტაპზე კორონავირუსი 20 მათგანს დაუდასტურდა

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით გამოიკვეთა 203 კონტაქტი, მათ შორის უკვე გამოკვლეულია 187 პირი, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით,  გამოკვლეულთაგან კორონავირუსი საერთო ჯამში 20 პირს დაუდასტურდა.

ზაალ მიქელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საკონტრო-გამშვებ პუნქტთან მივიდა. მინისტრის განცხადებით, მობილიზებულია მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც მკაცრ კარანტინში მოქცეული სოფლების ყველა მცხოვრებს ჩაუტარებს თერმოსკრინინგს.

დღეს აჭარაში ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ერთი კი იმპორტირებული შემთხვევაა. დადებითი ანალიზი მარნეულის მკვიდრს დაუდასტურდა, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა, იგი თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა.

აჭარაში სულ 25 ინფიცირებული რჩება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.