აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება
აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება. ხელშეკრულებაზე დღეს ოფიციალურად ხელი მოეწერა „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „გოგსინს“ შორის.
ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მოსაწყობად, ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიას 18 თვის ვადა განესაზღვრა.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ იაფი სესხის ფარგლებში გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.
მათივე ინფორმაციით, ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს.
მშენებლობის პარალელურად ნარჩენების მართვის ობიექტის ექსპლუატაციისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების დანადგარ-მოწყობილობების შეძენა განხორციელდება. გარდა ამისა, ნაგავსაყრელი პოლიგონის საავტომობილო გზიდან ავტობანზე დაერთების, ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზის მშენებლობა მოხდება.
აჭარის მთავრობის ცნობით, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ცეცხლაურის ახალი სანიტარული პოლიგონი, პირველი თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული. პროექტი რეგიონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის ჯანსაღი პირობების შექმნასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.