აჭარაში მძღოლები ჩამორთმეული სატვირთო ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვენ
საკუთარი სატვირთო ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვენ მძღოლები აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე. პროტესტი ძირითადად მთიანი აჭარიდან ჩამოსულმა მძღოლებმა გამოთქვეს. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა დროს ხე-ტყის გადატანის გამო დააჯარიმეს, ავტომანქანები კი ჩამოართვეს და 9 თვეა მათ დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
„გადამქონდა სახლის მშენებლობითვის 2 კუბური მეტრი მასალა, დამაჯარიმეს, იყო სასამართლო პროცესი, გადავიხადე ჯარიმა და 9 თვეა ველოდები პასუხს, როდის მომცემენ საკუთარ მანქანას, რომელიც პოლიციაშია გაჩერებული. პასუხს არავინ მცემს. ყველა ასეთ დღეში ვართ. პროკურატურასთან რომ ვერაფერი გავარკვიეთ, გადმოვედით მთავრობასთან. გამარკვიონ, მეკუთვნის თუ არა ჩემი მანქანა“,-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქცია თავდაპირველად აჭარის პროკურატურასთან გაიმართა. მონაწილეები ამბობენ, რომ იქ პასუხი არ გასცეს, რის შემდეგაც მთავრობის შენობასთან გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
აქციის რამდენიმე მონაწილეს აჭარის მთავრობაში შეხვდნენ.