აჭარაში მძღოლები ჩამორთმეული სატვირთო ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვენ

12:54, 06.06.2018

საკუთარი სატვირთო ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვენ მძღოლები აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე. პროტესტი ძირითადად მთიანი აჭარიდან ჩამოსულმა მძღოლებმა გამოთქვეს. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა დროს ხე-ტყის გადატანის გამო დააჯარიმეს, ავტომანქანები კი ჩამოართვეს და 9 თვეა მათ დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

„გადამქონდა სახლის მშენებლობითვის 2 კუბური მეტრი მასალა, დამაჯარიმეს, იყო სასამართლო პროცესი, გადავიხადე ჯარიმა და 9 თვეა ველოდები პასუხს, როდის მომცემენ საკუთარ მანქანას, რომელიც პოლიციაშია გაჩერებული. პასუხს არავინ მცემს. ყველა ასეთ დღეში ვართ. პროკურატურასთან რომ ვერაფერი გავარკვიეთ, გადმოვედით მთავრობასთან. გამარკვიონ, მეკუთვნის თუ არა ჩემი მანქანა“,-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქცია თავდაპირველად აჭარის პროკურატურასთან გაიმართა. მონაწილეები ამბობენ, რომ იქ პასუხი არ გასცეს, რის შემდეგაც მთავრობის შენობასთან გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

აქციის რამდენიმე მონაწილეს აჭარის მთავრობაში შეხვდნენ.

მსგავსი