აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი ღონისძიების გამართვამდე კორონავირუსზე მასობრივ ტესტირებას ჩაატარებს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი გულშემატკივარს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება. 9 მაისს, ჯექსონვილში UFC 249 გაიმართება. იმავე არენაზე ბრძოლები 13 და 16 მაისსაც შედგება. ღონისძიებები გამკაცრებული პროტოკოლით ჩატარდება. ცნობილი ხდება, რომ ყველა, ვინც არენაზე შესვლას დააპირებს და ამის უფლება ექნება, თავდაპირველად კორონავირუსზე ტესტს გაივლის. დაკონკრეტებულია, რომ ტესტი ჩატარდება როგორც COVID 19-ის დასადგენად, ასევე ანტისხეულებზეც.
შეგახსენებთ, რომ შაბათს ჯექსონვილის არენა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პირველ ღონისძიებას უმასპინძლებს. მთავარი ბრძოლა ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეტჯის შორის მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ტიტულისთვის შედგება. ჩემპიონის ქამრისთვის ასევე ჰენრი სეხუდო და დომინიკ კრუზი იბრძოლებენ. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი ბრძოლების ჩატარებას 13 და 16 მაისსაც იმავე ლოკაციაზე გეგმავს.