„აბსოლუტურად შესანიშნავი“ — Moderna-ს ვაქცინამ COVID-19-ის გამწვავებისგან ცდის ყველა მონაწილე დაიცვა #1tvმეცნიერება
COVID-19-ის ვაქცინების შესახებ საოცარი ამბები გრძელდება — ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna პრესრელიზს აქვეყნებს, რომელშიც საკუთარი ვაქცინის კანდიდატის 30 000 ადამიანზე ჩატარებული ცდის საბოლოო შედეგებს გვამცნობს. როგორც კომპანია იუწყება, იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა გაუკეთეს, COVID-19-ის სიმპტომები ინფიცირების შემდეგ მხოლოდ 11 პირს გამოუვლინდა, პლაცებოს ჯგუფში კი 185 ადამიანს (მათ ვაქცინის ნაცვლად მარილწყალი ჰქონდათ გაკეთებული). Moderna-ს განცხადებით, ეს გახლავთ 94,1-პროცენტიანი ეფექტიანობა — გაცილებით მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვაქცინების მრავალი ექსპერტი პროგნოზირებდა.
კიდევ უფრო შთამბეჭდავი კი ის არის, რომ Moderna-ს ვაქცინამ 100-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა დაავადების სიმწვავის წინააღმდეგ. ვაქცინირებულ მოხალისეთა შორის მწვავე შემთხვევა უბრალოდ არ აღმოჩნდა, მაგრამ 30 ასეთი მოხალისე დაფიქსირდა პლაცებოს ჯგუფში. კომპანია დღესვე გეგმავს, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში (FDA) შეავსოს განაცხადი აშშ-ში ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მისაღებად; ამავეს აპირებს ევროპის მედიცინის სააგენტოშიც.
დღეს გამოქვეყნებული მონაცემები ადასტურებს კომპანიის მიერ ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ შუალედურ შედეგებს, რომელიც მხოლოდ 95 შემთხვევას ეყრდნობოდა, მაგრამ ეფექტიანობა მაინც იგივე იყო.
„ვისურვებდი ყველა მონაცემის ხილვას, მაგრამ რასაც ვხედავთ, აბსოლუტურად შესანიშნავია“, — ამბობს ფილადელფიის საბავშვო ჰოსპიტლის ვაქცინების მკვლევარი პოლ ოფიტი, ვაქცინების ექსპერტთა იმ დამოუკიდებელი კომიტეტის წევრი, რომელიც FDA-ს აძლევს რჩევებს.
Moderna-ს ვაქცინა, რომელიც მან SARS-CoV-2-ის (COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი) წინააღმდეგ შექმნა, ეფუძნება ახალ ტექნოლოგიას, რომელიც ვირუსის ზედაპირზე არსებული წვეტი ცილების დასაშიფრად საინფორმაციო რნმ-ს (mRNA) იყენებს. სწორედ mRNA ტექნოლოგიით შექმნეს COVID-19-ის ვაქცინა Pfizer-მა და BioNTech-მაც, რომელიც 45 000 მოხალისეზე გამოიცადა და 95-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა. ამ ცდის შემდეგ გამოვლინდა COVID-19-ის 170 შემთხვევა, რომელთაგან ათი შემთხვევა მძიმე იყო და მათგან, მხოლოდ ერთი იმყოფებოდა ვაქცინირებულთა ჯგუფში.
როგორც Moderna, ისე Pfizer/BioNTech-ი აცხადებენ, რომ მათმა ვაქცინამ თანაბრად ეფექტიანად იმუშავა ყველა სხვადასხვა ჯგუფში, ეთნიკურობისა და გენდერის მიუხედავად. ეს თანაბარი წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმ ორგანოებისთვის, რომლებიც ახალი ვაქცინის გამოყენების პრიორიტეტიზაციას ახდენენ, მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისთვის.
mRNA ვაქცინის შესაქმნელად Moderna-მ 1 მილიარდი დოლარი მიიღო აშშ-ის ხელისუფლებისგან. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სტეფან ბანსელის განცხადებით, მთელი ფედერალური ფული კლინიკურ ცდებს მოხმარდა და ამის გარეშე, ეს პროცესი მნიშვნელოვნად გაჭიანურდებოდა. ახალბედა კომპანია, რომელსაც ბაზარზე ჯერ სხვა პროდუქტი არ აქვს, მაისში სხვადასხვა ინვესტორმა კიდევ 1,3 მლრდ დოლარით დააფინანსეს.
ბანსელის განცხადებით, Moderna-ს ვაქცინა განვითარებული ქვეყნებისთვის 32-37 დოლარი ეღირება, მაგრამ შედარებით იაფი იქნება მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის. კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინების გლობალური წვდომის სიმარტივესთან (COVAX) — არამომგებიან პროგრამასთან, რომლის მიზანიც არის დადასტურებული ვაქცინების შეძენა და გავრცელება უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით.
„გვინდა, რომ ჩვენი ვაქცინა შეღავათიან ფასად ხელმისაწვდომი იყოს დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვისაც“, — ამბობს Moderna-ს ხელმძღვანელი დევიდ ბანსელი და იქვე წარმატებას უსურვებს COVID-19-ის სხვა ვაქცინებსაც.
„მსოფლიოს რამდენიმე მწარმოებელი სჭირდება, რათა ეს საშინელი პანდემია შეჩერდეს“, — ამბობს იგი.
ამ დროისათვის, კლინიკური ცდების საფუძველზე დადასტურებული ეფექტიანობის შესახებ იუწყება ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული გიგანტი AstraZeneca-ც, რომელმაც ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად შექმნა; რუსეთის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევით ინსტიტუტ Gamaleya-ს ცნობით, ეფექტიანობა აჩვენა მათ მიერ შექმნილმა ვაქცინამაც.
Moderna იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე აშშ-ის ხელისუფლებას ვაქცინის 20 მილიონ დოზას მიაწვდის; რაც შეეხება Pfizer-ს, ეს კომპანია 50 მილიონ დოზას გაყოფს აშშ-სა და იმ სხვა ქვეყნებს შორის, რომლებსაც მასთან უკვე გაფორმებული აქვთ წინასწარი შესყიდვის ხელშეკრულება.
მომზადებულია sciencemag.org-ის მიხედვით.