აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხილვა გაიმართა
მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპროექტო დოკუმენტაციას იტალიური საპროექტო კომპანია „კეიოსი“ (KEIOS) და ქართული კომპანია „სიემსი ჯგუფი“ (CMC) ამზადებს. აღნიშნულმა კომპანიებმა აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხილვა გამართეს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ყველა ჩართულ მხარე ესწრებოდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კურორტ აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი ითვალისწინებს პარკების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, დამატებითი ისტორიული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობების და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე ოცხეს დაზიანებული ნაპირის მოწესრიგებაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც 2019 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის II კვარტალში დაიწყება.
„მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმანში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია, ევგენი ხარაძის მიერ დაარსებული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე მუშავდება დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, – აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.