აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები იწყება
აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის თანამედროვე კურორტად ფორმირებისათვის 2020 წელს დასრულდა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული, XIX-XX საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის, ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია.

მათივე ინფორმაციით, შემუშავდა დაბა აბასთუმნის გენგეგმა და დასრულდა დაბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები.

„ამასთან, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი 77-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის, წყალმომარაგებისათვის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის, არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები. აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები მოიცავს მდინარე ოცხეს კალაპოტის, ხიდების, ცენტრალური გზისა და საუბნო გზების რეაბილიტაციას. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, ველობილიკების, რეკრეაციული და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2022 წლის პირველ ნახევარში დაბა აბასთუმანი სრულად განახლებული, თანამედროვე კურორტი იქნება. აბასთუმნის ურბანული განახლების ორივე ეტაპის სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

ინფორმაცია ტენდერთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე: http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site- path=tenders/current_tenders/&id=4193“, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.