აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.
პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ტელესკოპის (AZT-11) ცენტრალური შენობისა და არსებული საბაგიროს რეაბილიტაცია, მიმდებარე ტერიტორიის, ავტოსადგომისა და საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობა.
სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. ტენდერში განაცხადების მიღება 11 იანვარს დაიწყება და 15 იანვარს დასრულდება.
„ობიექტი ადიგენის მუნიციპალიტეტში, სამხრეთ საქართველოში, თბილისიდან 250 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. 1932 წელს, კურორტ აბასთუმანთან ახლოს, ობსერვატორია მთა ყანობილზე აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა. ობსერვატორია უკავშირდება კურორტ აბასთუმანს საბაგიროთი, რომელიც გაივლის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში. ობსერვატორია და მისი მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს“, – აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.