აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრში საკარანტინო პერიოდს 15 ადამიანი გადის
აბასთუმაში, ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრში დღეს 15 ადამიანი მიიღეს, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით ცენტრში საკარანტინო პერიოდს გაივლიან.
თითოეული პაციენტი ცალ-ცალკე პალატაშია მოთავსებული. მათ ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. კარანტინში მყოფებს ტემპერატურული სკრინინგი ჩაუტარდებათ, სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
როგორც ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრში აცხადებენ, სავარაუდოდ, დაწესებულება საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ადამიანს მიიღებს.
ცენტრში შეიტანეს სპეციალური ეკიპირებაც, რომლის მოხმარების წესებზე მედპერსონალს ტრენინგი უტარდება
„15 ადამიანი გვყავს და გვაქვს ინფორმაცია, რომ ორ-სამ პაციენტს კიდევ მივიღებთ. როგორც საუბარში აღნიშნეს, ზოგი იტალიიდან არის ჩამოსული, ზოგი ირანიდან. არიან როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ირანელები“, – განაცხადა პულმონოლოგმა, თამაზ ჯიჯეიშვილმა.
აბასთუმნის ფილტვის ცენტრი საკარანტინო სივრცედ 26 თებერვალს მოამზადეს.