აბაშის სოფელ მარანსა და ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში მასიური ტესტირება და თერმოსკრინინგი გრძელდება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილია პოლიციის სპეციალური პუნქტები და მოქმედებს გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები.
ბოლო სამი დღის განმავლობაში, სოფელ მარანში გამოკვლეულია 1000-ზე მეტი მოქალაქე და მათგან 50-ზე მეტ პირს დაუდგინდა „კოვიდ-19“. კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, სოფელში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია და სწავლება მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში.
რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელში კოვიდვითარება დასტაბილურდა. ბოლო დღეების განმავლობაში ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.
ორსანტიაში ვირუსის 23 შემთხვევა ფოთის „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება, რის გამოც, 4 აპრილს აბსანძეების უბანი, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩაიკეტა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით ფუნქციონირებს ოთხი კოვიდკლინიკა, სადაც 215 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.