კომუნიკაციების კომისიამ აბაშაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ აბაშაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ აბაშაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას მერის მოადგილე, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სამიზნე გეოგრაფიული არეალებიდან მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილია სემინარები აბაშის 12 სამიზნე სოფელში, სადაც, სპეციალისტების დახმარებით, ადგილობრივები ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, ელ. ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ადგილმდებარეობის გაზიარების, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ციფრული მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების 135 სოფლის 3500-ზე მეტ მოსახლეს ციფრული წიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებისა და სახელმწიფო ელ. სერვისებით სარგებლობის შესახებ სემინარები ჩაუტარდათ. ამ ეტაპისთვის პროგრამა აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.