ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში ხმათა უმრავლესობით დავით ასათიანი ლიდერობს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების საბოლოო, შემაჯამებელი ოქმი სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება. ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმათა უმრავლესობით დავით ასათიანი ლიდერობს.
„საბოლოო შედეგები იქნება შემაჯამებელ ოქმში, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დავითვლით შედეგებს. შესაძლებელია, დაინიშნოს მეორე ტური პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის. წესდებაში წერია, რომ ხმათა რაოდენობა ითვლება დამსწრეთა რაოდენობიდან – არ იყო გაწერილი, ზუსტად რას გულისხმობს დამსწრეთა რაოდენობა. სწორედ ამან გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ივანე პეტრიაშვილმა.
თუკი არჩევნების მეორე ტური გახდება საჭირო, მასში მონაწილეობას დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია მიიღებენ. არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო ხმები ვერცერთმა კანდიდატმა დააგროვა. ხმის მიცემის პროცესში სულ 2324-მა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა, მათგან ყველაზე მეტი, 1128 ხმა დავით ასათიანს ერგო, თუმცა გამარჯვებისთვის და ხმათა 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ლევან ჯანაშიას, მას 632-მა კოლეგამ მისცა ხმა.
დანარჩენი ხმები კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა: დავით ებრალიძე – 31, დავით ლანჩავა – 160, ირმა ჭკადუა – 53, გრიგოლ გაგნიძე – 3, ვასილ ოსეფაშვილი – 3, ელგუჯა ჩხაიძე – 3, ვაჟა ჯაოშვილი – 2, იასონ ბესელია – 10, ონისე მარგიანი – 2 და ალექსი კობაიძე – 1 ხმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების არსებული შედეგები თუ დარჩება, მეორე ტური უნდა ჩატარდეს.
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატი დავით ასათიანი, რომელიც ხმათა უმრავლესობით ლიდერობს, აცხადებს, რომ არჩევნების საბოლოო შედეგებს დაელოდება და მეორე ტურისთვისაც მზად არის.
9 დეკემბერს, სპორტის სასახლეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე ოთხი წლის ვადით ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად, აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრი, ეთიკის კომისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრი ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
გასული რვა წლის განმავლობაში, ადვოკატთა ასოციაციას ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა.