ნინო ლომჯარია - ვიმედოვნებ, რომ ადვოკატები ზეწოლისა და ჩარევის გარეშე მოახდენენ თვითორგანიზებას ​
ნინო ლომჯარია - ვიმედოვნებ, რომ ადვოკატები ზეწოლისა და ჩარევის გარეშე მოახდენენ თვითორგანიზებას ​

იმედს გამოვთქვამ, რომ ადვოკატები დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეწოლისა და ჩარევის გარეშე მოახდენენ თვითორგანიზებას და შედეგების მიმართ არ იქნება არანაირი კითხვის ნიშნები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე განვითარებული პროცესების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ლომჯარია აცხადებს, დაინტერესებულია, რომ პროცესები იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და გამჭვირვალე.

„ადვოკატთა ასოციაციას აქვს მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ბუნებრივია დაინტერესებული ვარ, რომ პროცესები იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და გამჭვირვალე.

იმედს გამოვთქვამ, რომ კოლეგები, ადვოკატები, დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეწოლის და ჩარევის გარეშე მოახდენენ თვითორგანიზებას და შედეგების მიმართ არ იქნება არანაირი კითხვის ნიშნები. წარმატებებს ვუსურვებ მეორე ტურში გასულ კანდიდატებს.

საკმაოდ აქტიური კამპანია იყო წარმოებული, რაც ნიშნავს, რომ პროცესები თავისუფალი და კონკურენტუნარიანია.

თითოეული კანდიდატი ცდილობს მოიპოვოს მაქსიმალურად ბევრი ხმა. მე ვფიქრობ, ჯანსაღია როდესაც არსებობს მწვავე, თუნდაც იდეური დაპირისპირება, მთავარია პროცესის მიმართ არ გაჩნდეს კითხვები“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების საბოლოო, შემაჯამებელი ოქმი სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, შესაძლებელია, დაინიშნოს მეორე ტური.

თუკი არჩევნების მეორე ტური გახდება საჭირო, მასში მონაწილეობას დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია მიიღებენ. არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა დააგროვა.

ხმის მიცემის პროცესში სულ 2324 ადვოკატი მონაწილეობდა, მათგან ყველაზე მეტი, 1128 ხმა დავით ასათიანს ერგო, თუმცა გამარჯვებისთვის და ხმათა 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ლევან ჯანაშიას, მას 632-მა კოლეგამ მისცა ხმა.

გასული რვა წლის განმავლობაში, ადვოკატთა ასოციაციას ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა.