დავით ასათიანი - თუ საჭირო გახდა, წავალთ მეორე ტურზე და გავიმარჯვებთ 
დავით ასათიანი - თუ საჭირო გახდა, წავალთ მეორე ტურზე და გავიმარჯვებთ 

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატი დავით ასათიანი, რომელიც ხმათა უმრავლესობით ლიდერობს, აცხადებს, რომ არჩევნების საბოლოო შედეგებს დაელოდება და მეორე ტურისთვისაც მზად არის.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ადვოკატებს. ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ ჩვენ და ჩვენმა გუნდმა – ათასზე მეტი ხმა. მეორე ადგილზე გასულ კონკურენტს გავასწარით ხუთასი ხმით, მივიღეთ უფრო მეტი ხმა, ვიდრე ყველა კონკურენტმა ერთად.

ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ იმ ძალიან მაღალი აგრესიის ფონზე, რომელიც ამ არჩევნებზე იყო, ეს არის ძალიან მაღალი გამარჯვება ჩვენი და ჩვენი გუნდის. ჩვენ დაველოდებით საბოლოო შედეგებს, კანონში არის ინტერპრეტაციის საშუალება, მაგრამ პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, ადვოკატთა ასოციაციის კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მაინც არ გადავიტანთ ამ ინტერპრეტაციის საკითხს სასამართლოში და თუ საჭირო გახდა, ჩვენ წავალთ მეორე ტურზე და გავიმარჯვებთ მეორე ტურში“, – განაცხადა დავით ასათიანმა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების საბოლოო, შემაჯამებელი ოქმი სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება. ამ დროისთვის, უცნობია, ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, თუ ერთ-ერთი კანდიდატი გამოცხადდება გამარჯვებულად. თუკი არჩევნების მეორე ტური გახდება საჭირო, მასში მონაწილეობას დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია მიიღებენ.