9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
29 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულიშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; მელქაძე მანანა 23 წლის; ქარსელაძე გია, 25 წლის.