9 აპრილის მოვლენების 30 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტში ფოტოგამოფენა გაიმართება
1989 წლის 9 აპრილის მოვლენების 30 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის სასახლის ეზოში ფოტოგამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებზე ასახული იქნება 30 წლის წინ, 9 აპრილს მომხდარი მოვლენები. გამოფენა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნება.
დღეს ასევე პარლამენტის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
„ძალიან რთულია, შევაფასოთ 9 აპრილის მნიშვნელობა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილის, ყველაზე დიდი ტრაგედიის ღამე საქართველოს ისტორიაში, მაგრამ სწორედ ამ უდიდესი ტკივილიდან დაიწყო ის საოცარი ერთსულოვნება თავისუფლებისაკენ ბრძოლის, რომელმაც მიგვიყვანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე. ეს დღე არასდროს წაიშლება ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მარიამ ჯაშმა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.