70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს შესაძლებლობა ექნებათ, აპრილის პენსიები წინასწარ მიიღონ
70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, რომლებიც ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხრივ ყველაზე სარისკო ჯგუფში შედიან, შესაძლებლობა ექნებათ, აპრილის თვის პენსიები წინასწარ მიიღონ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.
სპეციალური პროგრამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა განაცხადეს.
23 მარტს გახდება ცნობილი, როგორ უნდა ისარგებლონ პენსიონერებმა აღნიშნული პროგრამით ისე, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მათი ბანკში მისვლის საჭიროება.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად „ლიბერთი ბანკი“ საკუთარი კაპიტალიდან 100 მლნ ლარს გამოყოფს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით, ახალი კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარულ ინიციატივებს კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი უწევს.