5G სრულიად უსაფრთხოა — პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ოფისი
მეხუთე თაობის მობილური კავშირის (5G) ირგვლივ აგორებულ დეზინფორმაციას პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ოფისი ეხმაურება.
„5G ქსელები წარმოქმნის გამოსხივების უფრო დაბალ დონეს, ვიდრე ამჟამინდელი 4G ქსელები; არც ერთი მათგანი კორონავირუსის პანდემიასთან არავითარ კავშირში არ არის“, — წერს მარეგულირებელი.
მარეგულირებლის განცხადებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისას ყოველთვის ხდება ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე მისი შესაძლო რისკების შეფასება. შესაბამისად, მსგავსი მიდგომა განხორციელდა პოლონეთში 5G ქსელის დანერგვის ინიციატივის წინაც.
ევროკომისიის რეკომენდაცია ნომრით 1999/519/EC, აწესებს საზოგადოებაზე ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების მკაცრ ზღვარს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირში გამოსხივების ზღვარი ზოგად საზოგადოებრივ ზონებში ყოველთვის არის იმაზე სულ მცირე 50-ჯერ დაბალი, ვიდრე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევს არაიონიზებადი რადიაციული დაცვის საერთაშორისო კომისია (ICNIRP).
2020 წლის მარტში, ICNIRP-მა გამოაქვეყნა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც ადასტურებს ელექტრომაგნიტური ველების გამოსხივების ამჟამინდელი ზღვრების მართებულობას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევების საერთაშორისო სააგენტოს (IARC) მიერ რეკომენდებულ ზღვრებში, ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედება იმავე კატეგორიაშია, რომელშიც არის დამწნილებული ბოსტნეული და უფრო ნაკლებად სარისკოა, ვიდრე წითელი ხორცის ჭამა, ღამის ცვლაში მუშაობა და ცხელი ყავის დალევა.
პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ოფისის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიისა და 5G-ის რაიმე სახის კავშირის შესახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსს არ შეუძლია რადიოტალღების/მობილური ქსელების საშუალებით გადაადგილება. COVID-19 გავრცელებულია ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც 5G მობილური ქსელი საერთოდ არ არის. COVID-19 ვრცელდება ინფიცირებული ადამიანის დახველებისა და დაცემინების შედეგად წარმოქმნილი რესპირატორული წვეთებით. ადამიანი ასევე შეიძლება დაინფიცირდეს, თუკი ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირთან შეხების შემდეგ ხელებს თვალებზე, პირზე ან ცხვირზე მოისვამს. შეუძლებელია, 5G-ის რაიმე გავლენა ჰქონდეს ნებისმიერი ვირუსის გავრცელებაზე.