5G-ის შესახებ შეთქმულების თეორიის მომხრეებმა ევროპის ქვეყნებში სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მოაწყვეს
ევროპის ქვეყნებში 5G-ის შესახებ შეთქმულების თეორიის მომხრეებმა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მოაწყვეს.
ამის შესახებ სტატიას ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ აქვეყნებს.
ჟურნალისტების ინფორმაციით, კონსპირაციონისტებმა ნიდერლანდებში 16 თავდასხმა განახორციელეს, სამი მსგავსი შემთხვევა მოხდა ირლანდიაში. ანალოგიური ინციდენტებს ადგილი ჰქონდა ბელგიაში, იტალიაში, კვიპროსში და შვედეთში.
მანამდე, მეხუთე თაობის მობილური კავშირის ქსელის გარშემო აგორებული კონსპირაციული თეორიის მომხრეებმა 61 თავდასხმა მოაწყვეს გაერთიანებულ სამეფოში. მათ შორის დაფიქსირდა სატელეკომუნიკაციო კომპანიების თანამშრომლების შევიწროების ფაქტები.
მიუხედავად არაერთი სამეცნიერო დასკვნისა და ექსპერტების განმარტებისა, შეთქმულების თეორიების მომხრეებს მაინც სჯერათ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება 5G ტექნოლოგიის დანერგვას უკავშირდება.
კონსპირაციონისტები ინტერნეტში ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ „ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანში მეხუთე თაობის მობილური კავშირის ქსელის რადიაციის გამო გაჩნდა და ის რადიოტალღებით ვრცელდება“.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების აცხადებენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე 5G ტექნოლოგიის შესახებ გავრცელებული კონსპირაციული თეორიები კორონავირუსის პანდემიის დროს წარმოშობილ ყველაზე საშიშ დეზინფორმაციად არის მოხსენიებული.
„პოლიტიკო“ წერს, რომ მიუხედავად ამისა, ევროპის ქვეყნებში ახალი თაობის მობილური კავშირის ქსელის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ წყდება, რაც ძალიან სახიფათოა, რადგან პანდემიის დროს მთავრობისთვის, ისე კერძო კომპანიებისთვის მდგრადი ინტერნეტ კავშირის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდებისა და ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად.