5 თებერვალს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება
5 თებერვალს ბელგიის დედაქალაქში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება. ბრიუსელში დაგეგმილ სხდომას თავმჯდომარეობას გაუწევს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი.
ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ბრიუსელში გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაემგზავრება.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს მთავრობის მეთაური და ანგარიშით წარდგებიან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები.
ამ თემაზე პირველი არხის კორესპონდენტი ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ესაუბრა.
„ჩვენ ველოდებით ასოცირების საბჭოს, რომელიც 5 თებერვალს შედგება. შეხვედრაზე მოხდება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის დეტალური შეფასება. იქნება საუბარი იმ თემებზე, რომლებიც ჩვენთვის რელევანტურია. ეს არის უსაფრთხოება, კონფლიქტების თემატიკა, უსაფრთხოების დიალოგი, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან დავიწყეთ. შეხვედრა შედგება ორი ნაწილისგან. ერთია, ასე ვთქვათ, დახურულ კარს მიღმა პატარა კონფიგურაციით შეხვედრა, სადაც უფრო კონფიდენციალური დიალოგი იმართება და მეორე ნაწილი, რომელსაც უკვე წევრი სახელმწიფოებიც ესწრებიან. გზავნილებიც შესაბამისად იქნება შერჩეული“, – აცხადებს ნატალია საბანაძე.
ასოცირების საბჭო წარმოადგენს უმაღლეს ფორმალურ ორგანოს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგისა და საერთო ინტერესებში არსებული საკითხების განხილვის მიზნით.