5 ივლისს განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
5 ივლისს, მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება.
დაზარალებულის სტატუსი მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს მიენიჭა.
კეროდ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა „ფორმულას“ ორ ჟურნალისტს – ლუკა ხაჩიძეს და გიორგი გაბუნიას, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ მარიკა გოცირიძეს, „მთავარი არხის“ ოპერატორებს, ანრი ჯოხარიძეს და ლევან კალანდიას, ასევე „გურიანიუსის“ ჟურნალისტ მერაბ ცაავას.
სამმართველოში იმყოფებოდა „რუსთავი 2“-ის ოპერატორი ზურაბ მანაგაძეც. მისი ადვოკატის განცხადებით, დღეს ოპერატორთან მიმართებაში ვიდეო მტკიცებულებების შესწავლა მოხდა.
„დღეს საგამოძიებო ორგანოში დაბარებული იყო ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე, მას წარედგინა დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ასევე განემარტა დაზარალებულის უფლება მოვალეობები. აგრეთვე, დაბარებული იყო ოპერატორი ზურაბ მანაგაძე. მოხდა 5 ივლისს ჩაწერილი ვიდეოკადრების დათვალიერება. იმ კადრების, სადაც ზურაბ მანაგაძეა აღბეჭდილი და საჭირო გახდა პიროვნებების ამოცნობა.ზოგიერთი მათგანის ამოცნობა ზურამ შეძლო, ზოგიერთის ვერა“, – განაცხადა ადვოკატმა ნინო ბარაჩაშვილმა.