5-6 ივლისის საქმეზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანი ფაცია იკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისის საქმეზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანი ფაცია იკითხება.
როგორც დაკითხვაზე ანი ფაციამ განაცხადა, 5 ივლისს, 07:00 საათზე, ოპერატორ ილია თვალიაშვილითან ერთად წავიდა გადაღებაზე, დაანონსებული აქციის გასაშუქებლად.
„რუსთაველის“ მეტროსთან ვიყავით, შემდეგ გადავინაცვლეთ ქაშვეთის უკან მიმდებარე ბაღში, რადგან იქ იკრიბებოდა აქციის კიდევ ერთი ნაწილი. სიმშვიდე იყო. შემდეგ „ალტინფოს“ ხელმძღვანელმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაცვლებისკენ. წავედით გასაშუქებლად. მე და ჩემი ოპერატორი ილია თვალიაშვილი მემორიალთან ვიდექით, თორმეტის წუთები იყო, მასალა უნდა გადაგვეგორებინა 12-საათიანი გამოშვებისთვის, რა დროსაც მოვიდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე გოგო და შეურაცხყოფას მაყენებდა. მეუბნებოდა, რომ მისი ფულით ფინანსდებოდა ტელევიზია, სადაც მე ვმუშაობ და მისთვის მიუღებელი იყო ყველაფერი. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რომ თავი დაენებებინა. სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, როდესაც რამდენიმე ადამიანი დროშის ტარებით ხელში მისკენ გამოეშურა, ოპერატორს უთხრეს, რომ ის ლგბტ-თემის დამცველი იყო. ამ ამბავში ვიყავით, როდესაც „ცისფერი გალერეიდან“ შემოგვესმა ხმაური და ჩოჩქოლის ხმა. ილიას ვუთხარი, დაანებე თავი ამას და იქით რაღაცა ხდება-მეთქი. ორივე მივდიოდით „ცისფერი გალერეის“ მხარეს, რა დროსაც ადამიანების ნაწილი უკან გამოგვყვა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რამდენჯერმე დროშის ტარი ჩამარტყა, ასევე ისროდნენ წყლით სავსე ბოთლებს, რომელიც მეც მომხვდა. ყველა გამეტებით ურტყამდა ჩემს ოპერატორს, მას კამერა და „ლაივუ“ ჰქონდა, ცალი ხელით ცდილობდა მოგერიებას, ისინი კიდევ აგრძელებდნენ ცემას. დახმარებას ვითხოვდი, შემდეგ ადგილს პოლიციამ გამომარიდა“, – განაცხადა ანი ფაციამ.
5-6 ივლისის საქმეს სასამართლო რამდენიმე ეპიზოდად განიხილავს. დღევანდელ პროცესზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხება საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილიც.