საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით ბრალდებულებს სასამართლომ ბრალი გადაუკვალიფიცირა და ძალადობის მუხლით ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილისა და რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენლის მიმართ ძალადობისა და პროფესიული ხელშეშლის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა კონსტანტინე კოპალიანმა და ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს გიორგი მაღრაძესა და გიორგი წარუაშვილს პატიმრობა ერთი წლითა და სამი თვის ვადით მიესაჯათ, ზაზა ჭაავასა და მურად დევლარიშვილს ერთი წლის ვადით, გიორგი ხეჩუაშვილს, გენო გერმანიშვილსა და თედო ბურდულს სამი წლის ვადით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლომ პირებს, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ილია თვალიაშვილის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, აღნიშნული ბრალი გადაუკვალიფიცირა და ისინი 126-ე, ძალადობის მუხლით ცნო დამნაშავედ.

ადვოკატის თქმით, ილია თვალიაშვილის ნაწილში არ ეთანხმება განაჩენს, ვინაიდან ცალსახაა, რომ თვალიაშვილს ძალადობრივი ქმედების შედეგად განსაკუთრებით მძიმე დაზიანება მიადგა.

„რაც შეეხება თავლიაშვილის ნაწილს, არ ვიცი, სასამართლომ რითი დაასაბუთა, მაგრამ 117-ე მუხლით წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა 126-ე ნაწილით. ამ ნაწილში ცნო პირები დამნაშავედ. ილიას ნაწილში სრულიად არ ვეთანხმებით, ვინაიდან აშკარად ცალსახაა, რომ ილიას განსაკუთრებით მძიმე დაზიანება მიადგა აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად. შესაბამისად მიმაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს ბრალდების მხარე, სრულად იქნება დასაბუთებული და სააპელაციო სასამართლო მაინც გაიზიარებს ბრალდების პოზიციას იმ ნაწილში, რომ ილია თვალიაშვილს განსაკუთრებით მძიმე დაზიანება მიადგა. 117-ე მუხლით წარდგენილ ბრალში გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო. მიმაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოეყენებინა სასამართლოს“, – განაცხადა ადვოკატმა ჯანო ჭკადუამ.