ოთხი ათასი წლის წინანდელი ილუსტრაციები, რომლითაც ძველეგვიპტელი პრინცის აკლდამაა მორთული, თანამედროვე მეცნიერებისთვის სრულიად უცნობი ფრინველის გამოსახულებებსაც მოიცავს. თუმცა, ახლა უკვე ყველაფერი გაირკვა.
წყლის ფრინველის ფრესკები არქეოლოგებმა ძეგლ მედუმზე 1871 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მისი სახეობის გარკვევა მხოლოდ ევოლუციურმა ბიოლოგებმა შეძლეს დეტალური ტაქსონომიური კვლევებით.
შარშან, ავსტრალიის კვინზლენდის უნივერსიტეტის მკვლევარმა ენტონი რომილიომ დეტალურად შეისწავლა ექვსი ფრინველის გამოსახულება, რომლებსაც მედუმის ბატებს უწოდებდნენ; ნახატები 4600 წლის წინ არის შესრულებული და ისტორიკოსები მათ ძველეგვიპტური ცხოველების მხატვრობის ჟანრის ნამდვილ შედევრად მიიჩნევენ.
მიუხედავად საუკუნეების განმავლობაში გულდასმით შემოწმებისა და იმ ფაქტისა, რომ ისინი ისტორიაში უძველესი ფრინველთა გამოსახულებებია საკმარისი დეტალებით, რათა სახეობაც დადგინდეს, მეცნიერები დღემდე ვერ თანხმდებოდნენ, რა სახეობის ფრინველები შეიძლება ყოფილიყო ფრესკების უმეტესობაზე გამოსახული.
როგორც ჩანს, ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთი მათგანი ორნითოლოგიის სახელმძღვანელოებში არ გვხდებოდა.
„აშკარად ვერავინ გააცნობიერა, რომ ის უცნობ სახეობას ასახავდა. მხატვრობის ნიმუში შეიძლება განსხვავდებოდეს თანამედროვე ბატებისგან, მაგრამ ამ ძეგლის მხატვრობა უკიდურესად რეალისტურია სხვა ფრინველებისა და ცხოველების შემთხვევაში“, — ამბობს რომილიო.
ამ ცხოველებს შორის არის ძაღლები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ლეოპარდები, თეთრი ანტილოპა ადაქსი; ყველა გამოსახულება გასაოცარი დეტალებით არის შემონახული მეოთხე დინასტიის პრინც ნეფერმაატ I-ისა და მისი ცოლის აკლდამის სხვადასხვა ოთახში.
მიუხედავად იმისა, რომ მხატვრობის დიდი ნაწილი აღმოჩენის შემდეგ წლებში გაძარცვეს, ბატების ფრესკის წაღება იტალიელმა ეგვიპტოლოგმა ლუიჯი ვასალიმ შეძლო, რომელმაც მათი კონსერვაცია უზრუნველყო.
ახლა ისინი კაიროში, ეგვიპტის სიძველეთა მუზეუმშია დაცული და ეს ბატები დღემდე დიდი დებატების საგანია.
მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ მარცხნივ მიბრუნებული სამი ფრინველიდან ორი ასახავს თეთრშუბლა ბატს (Anser albifrons) — საშუალო ზომის ბატს, რომელიც დღემდე ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
თუმცა, გარკვეულწილად საეჭვო რჩებოდა პირველი და ბოლო ფრინველის გამოსახულების იდენტობა; ზოოლოგები ვერ წყვეტდნენ, ისინი რუხ ბატს (A. anser) — თანამედროვე შინაური ბატების უმეტესობის წინაპარს ასახავდა თუ მეკალოე ბატს (A. fabalis).
არის კიდევ ორი, მარჯვნივ მიბრუნებული ოდნავ პატარა რუხი-წითელი ფრინველი. ისინი თითქოს წითელმკერდა ბატებს (Branta ruficollis) წააგვანან — დასავლეთ ევროპაში გავრცელებულ იშვიათ ბატებს, მაგრამ მეცნიერები ვერ წყვეტენ, ეს შემთხვევა ცალკეულია თუ დამთხვევა.
იმის გამო, რომ ამ სახეობის რაიმე ნაშთი ძველეგვიპტურ არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი არ არის, კლასიფიკაცია საკმაოდ რთულია.
საკმაოდ ობიექტური სტრუქტურის გამოყენებით, თითოეული ფრინველის 13 ხილული მახასიათებელი რომილიომ ერთმანეთს შეადარა ე. წ. ტობიასის კრიტერიუმების მიხედვით.
„ეს გახლავთ სახეობათა იდენტიფიცირების საკმაოდ ეფექტიანი მეთოდი, რომელიც იყენებს ფრინველის საკვანძო მახასიათებელთა რაოდენობრივ გაზომვებს და დიდად აძლიერებს ინფორმაციის ღირებულებას ზოოლოგიურ და ეკოლოგიურ მეცნიერებებში“, — ამბობს რომილიო.
ამ შეფასებათა მიხედვით, ორი სადავო ფრინველი იმდენად განსხვავდება წითელმკერდა ბატებისგან, რომ დამთხვევები უკვე საკმარისი აღარ არის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხედველობაში მივიღებთ მხატვრულ ინტერპრეტაციათა შესაძლებლობას.
რასაც არ უნდა ასახავდეს ფრინველთა ნახატები, მათი წაგრძელებული ფრთის ბუმბულები იმდენად გამორჩეულია, რომ უკვე საკმარისია ამ ფრინველთა უნიკალურობისთვის და მიუთითებს, რომ მათი მსგავსები დღეს აღარ არსებობენ.
„ზოოლოგიური გადმოსახედიდან, ეგვიპტური ილუსტრაციები ერთადერთი დამადასტურებელია ამ განსხვავებული ბატებისა, რომლებიც როგორც ჩანს, ამჟამად გადაშენებული არიან“, — ამბობს რომილიო.
საიდუმლოდ რჩება, რა დაემართათ ამ გამორჩეულ ბატებს.
გადაშენებულ და ამჟამად გავრცელებულ ცხოველთა მახასიათებლების პოვნა უძველეს ილუსტრაციებში, მათ შორის ათასობით წლის წინანდელ კლდის მხატვრობაში, ერთ-ერთი კარგი გზაა ბიოლოგებისთვის, რომ გაარკვიონ ველური ბუნების წარმომადგენელთა გადანაწილებისა და მასშტაბების ცვლილება; ეკოლოგებს კი ამ გზით შეუძლიათ დააკვირდნენ კლიმატის ცვლილებას.
ათასობით წლის წინ, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილი დღევანდელზე გაცილებით მწვანე იყო; უფრო მეტიც — არსებობს იმის ნიშნებიც, რომ საჰარის უდაბნო ერთ დროს ნამდვილი წალკოტი უნდა ყოფილიყო.
ეგვიპტის დინამიკური ისტორიის საიდუმლოები შეიძლება დღემდე იმალებოდეს ამ კულტურის მდიდარი ხელოვნების ნიმუშებში და უბრალოდ კარგად დაკვირვებულ თვალებს უცდიდეს.
კვლევა Journal of Archaeological Science: Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია uq.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.