კომერციულ ბანკებს 2017 წლის განმავლობაში რამდენიმე რისკიანი საკრედიტო პროდუქტი შეუჩერდათ და აეკრძალათ
კომერციულ ბანკებს 2017 წლის განმავლობაში რამდენიმე რისკიანი საკრედიტო პროდუქტი შეუჩერდათ და აეკრძალათ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს 2017 წლის განმავლობაში არაერთი რისკიანი საკრედიტო პროდუქტი შეუჩერა და აუკრძალა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, დაკრედიტების კუთხით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელი საბანკო სისტემისთვის გაზრდილი აქტივობით გამოირჩეოდა. ძირითადი ზრდა კი, საცალო (22.7 პროცენტი) და მცირე და საშუალო პორტფელის (21.1 პროცენტი) სეგმენტებზე მოდიოდა.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მთლიანი შიდა პროდუქტისა და დასაქმებულთა საშუალო შემოსავლების ზრდის პარალელურად, საცალო სეგმენტის მაღალი ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვანწილად განაპირობა მაღალი კონკურენციის შედეგად სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე ბანკების მიერ საკრედიტო სტანდარტების შემსუბუქებამ და აგრესიულმა მარკეტინგმა – 2017 წლის მანძილზე ბანკებმა ბაზარზე არაერთი აქცია გამოიტანეს, რომელთა ფარგლებშიც მომხმარებლებს უფრო შერბილებული პირობებით შეეძლოთ სამომხმარებლო სესხების აღება.

„მნიშვნელოვნად შერბილებული საკრედიტო სტანდარტების პასუხად, ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს მთელი წლის მანძილზე არაერთი რისკიანი საკრედიტო პროდუქტი შეუჩერა/აუკრძალა. საცალო საკრედიტო პორტფელის შერბილებული საკრედიტო სტანდარტებით გამოწვეული მაღალი ზრდის პასუხად, 2017 წლის აგვისტოში, ძალაში შევიდა ცვლილება „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესში“, – ნათქვამია ბანკის  ანგარიშში და მითითებულია, რომ ამ ცვლილების შედეგად, „სტანდარტულად“ კლასიფიცირებულ საცალო სესხებზე განისაზღვრა სესხის მომსახურების და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტების ზღვრები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს მოეთხოვებათ დამატებითი კაპიტალის მობილიზება.

ამასთან, 2017 წლის ანგარიშის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში საცალო პორტფელის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოდელების გამოყენებით მსესხებელთა გადახდისუნარინობის ანალიზის ჩატარების პრაქტიკის ზრდა უნდა ჩაითვალოს. განსაკუთრებით სარისკოდ შეიძლება მიჩნეულ იქნას მოდელები, რომლებიც მსესხებლის შემოსავლებსა და მსგავს მნიშვნელოვან ფაქტორებს არ ითვალისწინებს.