ეროვნული ბანკი - მოქალაქეთა ვალის ტვირთის ზრდის მიზეზი ბოლო წლებში არარეგულირებადი კრედიტორების და კრედიტის მიწოდების დაბალხარჯიანი არხების მომრავლება იყო
ეროვნული ბანკი - მოქალაქეთა ვალის ტვირთის ზრდის მიზეზი ბოლო წლებში არარეგულირებადი კრედიტორების და კრედიტის მიწოდების დაბალხარჯიანი არხების მომრავლება იყო

ჭარბვალიანობის რისკების შესაფასებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაოდენობრივი კვლევა ჩაატარა, რომელმაც ჭარბვალიანობის ზრდის რისკი გამოავლინა.

როგორც ეროვნული ბანკის გასული წლის ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ინსტიტუტებისთვის მაღალი საკრედიტო დანაკარგების რისკი და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის პირდაპირი საფრთხე იმ  პერიოდში დაბალი იყო, განხორციელებული კვლევის ფარგლებში არსებული მონაცემების ანალიზი მომავალში ჭარბვალიანობის ზრდის და, შედეგად, ფინანსური სტაბილურობის რისკების მატების ალბათობაზე მიუთითებს.

როგორც ირკვევა, ამავე ანალიზიდან გამოიკვეთა, რომ მცირე მოცულობის სესხები კონცენტრირებულია დაბალშემოსავლიან და დაბალგადახდისუნარიან მოსახლეობაზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ მსესხებლების ვალის ტვირთის ზრდის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ბოლო წლებში არარეგულირებადი კრედიტორებისა და კრედიტის მიწოდების დაბალხარჯიანი არხების მომრავლება იყო.

„მიწოდების არხების გაფართოებას ასევე ხელი შეუწყო ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამ.  გამსესხებელი, როგორც წესი, გაზრდილი რისკის ხარჯს ფასში ასახავს, თუმცა, არ ითვალისწინებს იმ დამატებით ხარჯს და თანმდევ უარყოფით მოვლენებს, რასაც ეკონომიკაში გადახდისუუნარო და ვალაუვალი სამუშაო ძალის ზრდა იწვევს. ეროვნული ბანკის ანალიზი მიუთითებს, რომ სახეზეა ბაზრის ჩავარდნა და საჭიროა რეგულაციების შემოღება, რომლებიც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტებს დაამკვიდრებს“, – აღნიშნულია გასული წლის ანალიზში, სადაც ასევე საუბარია რისკების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღების საჭიროებაზე.

ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მაისში შემოიღო ახალი რეგულაცია, რომელიც კომერციულ ბანკებს მსესხებლის გადახდისუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემას უკრძალავს.

ეროვნული ბანკის გასული წლის ანგარიშს დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.